
მსოფლიოს შვიდი საოცრება ზოგადად მიუთითებს მთავარ ტურისტულ ღირშესანიშნაობათა რამდენიმე სიაზე. ყველაზე ძველი და განთქმული მათგან არის ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება, მეგზური ძველი მსოფლიოს მოგზაურთათვის, რომელთაც სურდათ ეხილათ ყველაზე განთქმული, მასშტაბური და კარგად ცნობილი ხუროთმოძღვრული ქმნილებები.
ისტორია
ამ სიის უძველესი ვერსია ძვ. წ. მე-2 საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. როგორც ჩანს, ეს სია ემყარება ჰელენისტ მოგზაურთა შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ. ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო.




